Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის დანაღმვის განზრახვაში


საილუსტრაციო ფოტო. ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში
საილუსტრაციო ფოტო. ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აქვს საშუალებები სამოქალაქო გემების შესაძლო აფეთქებასთან მისი კავშირის დასადგენად.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აპირებს შავ ზღვაში დანაღმოს გზები, რომლებსაც გემები იყენებენ უკრაინიდან ხორბლის გასატანად და შეეცდება, რომ აფეთქებებში უკრაინა დაადანაშაულოს.

დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, საღამოს, განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, დანაღმოს უკრაინის საზღვაო პორტების შესასვლელები და ნაღმებზე სამოქალაქო გემების აფეთქებაში ბრალი უკრაინას დასდოს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბრიტანეთს აქვს დაზვერვის და მეთვალყურეობის საშუალებები, რათა დააკვირდეს შავ ზღვაში რუსეთის მოქმედებებს, დაადგინოს სამოქალაქო გემებზე თავდასხმებთან მისი კავშირი და სამომავლოდ მსგავსი ქმედებები აღკვეთოს. მოსკოვს ლონდონის განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

რუსეთმა 2023 წლის ივლისში დატოვა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებაზე უარის შემდეგ რუსეთმა განაახლა უკრაინის პორტებზე დრონებით და რაკეტებით შეტევა.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის თავდასხმებმა უკვე გაანადგურა მილიონზე მეტი ადამიანისთვის წლის განმავლობაში სამყოფი ხორბალი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთმა გაანადგურა ოდესის, ჩერნომორსკის და რენის საპორტო ინფრასტრუქტურის 130 ობიექტი და საცავებში შენახული 300 000 ტონამდე ხორბალი.

„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

XS
SM
MD
LG