უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე, რუსეთში ისევ წამოიწყეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. როგორც წესი, ამის შესახებ საუბრობენ როგორც კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგები და პროპაგანდისტები, ასევე ცალკეული სახელმწიფო მოხელეები. რა არის ეს - შანტაჟი და ბლეფი მოსკოვის მხრიდან, თუ მზარდი ესკალაცია, რომლის ფინალი ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება?
რუსეთის ბირთვულ შანტაჟს დამაჯერებლობის მორიგ ულუფას სძენს გაზეთ The New York Times-ის მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ბირთვულძრავიანი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ (ქარიშხალა) გამოცდისთვის.
ასევე ბირთვული შანტაჟის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მიხაილ კოვალჩუკის წინადადება, განახლდეს ბირთვული იარაღის გამოცდა „ახალი მიწის“ პოლიგონზე.
მფრინავი ჩერნობილის საფრთხე
„რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ (ნატოს კლასიფიკაციით Skyfall) ახალი გამოცდებისთვის ან უკვე გამოცადა ის“, - წერს The New York Times-ის ავტორი Planet Labs-ის თანამგზავრულ სურათებზე დაყრდნობით.
20-დან 28 სექტემბერს Planet Labs-ის მიერ არქიპელაგ „ახალი მიწის“ გამშვები მოედნის ვიზუალურ გამოსახულებაზე დაყრდნობით, NYT-ის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში პოლიგონზე განთავსებული იყო სპეციალური აღჭურვილობა, მათ შორის სატვირთო მანქანა მისაბმელით, რომელიც შეესაბამება „ბურევესტნიკის“ ზომას. გარდა ამისა: სპეციალური კარკასი, რომელიც ჩვეულებრივ იცავს ხოლმე გამშვებ მოედანს უამინდობისგან, 20 სექტემბრის ფოტოების მიხედვით, ჯერ აიღეს, შემდეგ კი, რამდენიმე საათში, უკან დააბრუნეს, განმარტავს გამოცემა.
28 სექტემბრით დათარიღებული სურათის მიხედვით, გასაშვები მოედნის მახლობლად იდგა სატვირთო მანქანა, ხოლო დამცავი კარკასი გადატანილი იყო გვერდზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 31 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ურჩია პილოტებს, რომლებიც „ახალი მიწის“ მახლობლად დაფრინავენ, თავი შეეკავებინათ „სახიფათო ზონაში" მოხვედრისგან. ესაა ბარენცის ზღვის ნაწილი და პანკოვოს გამშვები მოედნის მიმდებარე რამდენიმეკილომეტრიანი უბანი. NYT-ის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებამ პილოტები გააფრთხილა 2019 წელსაც, მაშინაც „ბურევესტნიკის“ გამოცდის წინ.
ნორვეგიული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Bellona-ს სპეციალისტებმაც შეისწავლეს Planet Labs-ის სატელიტური სურათები და აღნიშნეს, რომ 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში, როგაჩევოს საჰაერო ბაზაზე, რომელიც გამშვები მოედნიდან დაახლოებით 160 კილომეტრშია, დააფიქსირეს „როსატომის“ ორი თვითმფრინავი. ეს თვითმფრინავები, როგორც გარემოს დამცველები აზუსტებენ, აგროვებენ მონაცემებს რაკეტების გაშვების შესახებ. Bellona-ს მიხედვით, თვითმფრინავები პოლიგონის მახლობლად სულ მცირე 26 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ.
„ასევე იყო 2018 წელს "ბურევესტნიკის" გამოცდისას“, - წერს NYT. გამოცემის თანახმად, ამავე პერიოდში გამშვები მოედნის მიდამოებში დაფიქსირდა აშშ-ს საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავის აქტივობა. Flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, სადაზვერვო თვითმფრინავმა RC-135W Rivet Joint-მა სულ მცირე ორჯერ (19 და 26 სექტემბერი)იფრინა „ახალი მიწის“ ნაპირებთან. „პროექტის საიდუმლოებისა და პოლიგონის სიშორიდან გამომდინარე, შეუძლებელია დარწმუნებით იმის თქმა, "ბურევესტნიკის" გამოცდა უკვე დასრულდა თუ იგეგმება“, - დაასკვნის NYT.
2021 წელს CNN-ი წერდა, რომ რუსეთი ემზადებოდა „ბურევესტნიკის“ გამოცდისთვის. Capella Space სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ფოტოები წარმოადგენდა „იმის დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ რუსეთი ემზადებოდა ატომური კომპონენტით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად".
„ბურევესტნიკის“ გამოცდასთან არის დაკავშირებული 2019 წელს არხანგელსკის ოლქის სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე სოფელ ნიონოქსასთან მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. „როსატომმა“ მაშინ განაცხადა, რომ პოლიგონზე აფეთქდა რაკეტა, რომლის ძრავა იყენებდა რადიოაქტიური იზოტოპის ენერგოწყაროს. რუსეთის წარმომადგენლებმა რაკეტის სახელი არ თქვეს. აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხდა, რომ ეს იყო „ბურევესტნიკი“. ვლადიმირ პუტინმა პირველად „ბურევესტნიკი“ ახსენა 2018 წლის მარტში. მისი თქმით, რაკეტის მოქმედების დიაპაზონი შეუზღუდავია, ხოლო ფრენის ტრაექტორია შეიძლება იყოს „არაპროგნოზირებადი“, რის გამოც „ბურევესტნიკი“ მოუხელთებელია რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
2020 წლის ზაფხულში, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალმა ბილინგსლიმ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ძრავის მქონე რაკეტების შექმნისა და გამოცდის მცდელობები, რადგან, მისი შეფასებით, ასეთი რაკეტა სხვა არაფერია, თუ არა „მფრინავი ჩერნობილი".
„ცარ-ბომბის“ მონატრება
The New York Times-ის პუბლიკაციამდე რამდენიმე დღით ადრე (28 სექტემბერს), რუსულ მედიაში გასული რეპორტაჟების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მიხაილ კოვალჩუკმა, რუსეთის ი. კურჩატოვის ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც შესთავაზა ვლადიმირ პუტინს, დასავლეთის დაშინების მიზნით, განაახლოს ატომური იარაღის გამოცდა „ახალი მიწის“ პოლიგონზე.
მიხაილ კოვალჩუკის თქმით, დასავლეთის ქვეყნების ქმედებები რუსეთის მიმართ სულ „უფრო და უფრო აგრესიული ხდება“. მან გაიხსენა 1961 წელი, როცა საბჭოთა კავშირმა, შეერთებული შტატების აგრესიული რიტორიკის საპასუხოდ, გამოცადა ისტორიაში ყველაზე მძლავრი 50-მეგატონიანი თერმობირთვული „მეფე-ბომბი“ (Царь-бомба).
„ამის შემდეგაც ამერიკელებმა მყისიერად დაიწყეს მოლაპარაკება. ზუსტად იგივე სიტუაციაა ახლაც, - თქვა კოვალჩუკმა, - საკმარისია ჩავატაროთ გამოცდა "ახალ მიწაზე" ერთხელ მაინც და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.
2023 წლის აგვისტოში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა საჯაროდ მოინახულეს „ახალ მიწაზე“ რუსეთის ცენტრალური პოლიგონი, სადაც საბჭოთა კავშირი 1954-1990 წლებში ბირთვულ გამოცდებს ატარებდა.
- „მეფე-ბომბი“ „ახალ მიწაზე“ 1961 წლის 30 ოქტომბერს გამოცადეს. ბომბის დამანგრეველი ძალა რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ამერიკულ Little Boy-ს ძალას. აფეთქების ტალღამ დედამიწას სამჯერ შემოუარა. ბირთვული იარაღის მსგავსი გამოცდები შეერთებულმა შტატებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაატარა. ბოლოს საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღი 1990 წელს გამოცადა, აშშ-მა - 1992 წელს.
- მიხაილ კოვალჩუკი ბანკ „როსიას“ ხელმძღვანელის, იური კოვალჩუკის ძმა და რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობარია. მას უწოდებენ უკრაინასთან ომის ერთ-ერთ იდეოლოგს.
- ტელეკომპანია CNN-მა, სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო ბირთვული პოლიგონის რეკონსტრუქცია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე არქიპელაგ „ახალ მიწაზე“. სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, 2021-2023 წლებში „ახალ მიწაზე“ ჩაფრინდა სატრანსპორტო კონტეინერებით დატვირთული არაერთი ხომალდი, მთებში გაყვანეს გვირაბები, ხოლო გზები გაიწმინდა და შეკეთდა.
- CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები და ჩინეთი ასევე ახდენენ ბირთვული პოლიგონების მოდერნიზებას.
ბირთვული იარაღი, როგორც ბოლო არგუმენტი?
მზად არის თუ არა რუსეთი, გამოიყენოს ბირთვული იარაღი? - ეს კითხვა ბირთვული თემის გააქტიურების დროს ყოველ ჯერზე იჩენს თავს. 2023 წლის 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ საფრთხე დაემუქრება „ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“.
ოსლოში დაფუძნებული მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევრის, პაველ ბაევის თქმით, შესაძლო ბირთვული ესკალაციის საკითხი აქტიურად დამუშავდა ომის პირველი ექვსი თვის განმავლობაში - რუსეთის არმიის ჯერ კიევიდან, შემდეგ კი ხერსონიდან უკან დახევის დროს. როგორც ბაევი ამბობს, ეს თემა სერიოზულად გააანალიზეს ვაშინგტონში და შემდეგ ეს ანალიზი წარუდგინეს ნატოს ხელმძღვანელობას. მკაფიო სიგნალები გაიგზავნა მოსკოვშიც.
„როგორც ჩანს, ამ სიგნალებმა მაშინ იმუშავა. მას შემდეგ ბირთვული საფრთხის თუ მუქარის შესახებ ძირითადად საუბრობენ რუსი ანალიტიკოსები და პროპაგანდისტები, რომლებსაც ბოლომდე სერიოზულად არ აღიქვამენ“, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, ერთადერთი რეალური ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, იყო ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსში, რის შესახებაც ბევრი განცხადება გაკეთდა, მაგრამ არ არსებობს ამის არანაირი მატერიალური მტკიცებულება:
„ყოველ შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალით და ღია წყაროებით შეუძლებელია ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების რაიმე ტექნიკური ნიშნების პოვნა. საინტერესოა, რომ რუსეთის ამ ჟესტსაც არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია. თუ აქამდე მუქარა-დაშინება იყო შეკავების ტრადიციული მექანიზმი, ახლა შეკავების მექანიზმად იქცა უგულებელყოფა და იგნორირება“.
პაველ ბაევის თქმით, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. რუსეთიდან დასავლეთისთვის გაგზავნილი გზავნილები ყოველთვის გულისხმობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რაზეც რუსეთმა, როგორც ექსპერტი ამბობს, მიიღო მკვეთრი და დამაჯერებელი სიგნალი კონვენციური საშუალებებით პასუხის დაბრუნების თაობაზე.
ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის განხილვაში აქტიურადაა ჩართული ჩინეთი, რომლისთვისაც ბირთვული იარაღის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. ჩინეთის პოზიციას კი ანგარიშს უწევს რუსეთი.
„ასე რომ, ომის ამ მოცემულ მომენტში ვერ ვხედავ ბირთვული საფრთხის გაძლიერების რამე წინაპირობას. ვფიქრობ, კარაგანოვი და სხვები მიანიშნებენ ისეთ სიტუაციაზე, როდესაც ფრონტზე ვითარება უეცრად და სრულიად მოულოდნელი მიმართულებით შეიცვლება კრემლისთვის სავალალოდ. მცირე რაოდენობრივმა ცვლილებებმა შეიძლება მოულოდნელად გამოიწვიოს ვითარების ხარისხობრივი გარდატეხა. როგორ მოიქცევიან ასეთ ვითარებაში კრემლისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები, ძნელი სათქმელია“, - ამბობს პაველ ბაევი.
შეუძლია თუ არა რუსეთს, შეცვალოს თავისი ბირთვული დოქტრინა, რომელიც დაფუძნებულია შეკავების იდეაზე? რა უშლის ხელს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უპირატესობა მიანიჭოს პრევენციულ ბირთვულ დარტყმას?
როგორც ექსპერტები ამბობენ, არც არაფერი, რადგან რუსული ბირთვული დოქტრინა უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, დოკუმენტიდან გაქრა დებულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი პირველი არ გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. ახლა ასეთი გამოყენება დასაშვებია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხის შემთხვევაში. ამ ეტაპზე ბირთვული დოქტრინის შეცვლის საჭიროება არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი უკვე გაწერილია მასში.
„საერთოდაც ეს დოქტრინა ყველაფრის გაკეთების საშუალებას იძლევა“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი, რომლის თქმითაც, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი:
„თუ გადაკვეთთ გარკვეულ წითელ ხაზს, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ამ ხალხის ნათქვამი ასე გამოიყურება: თუ კუთხეში მიგვაყენებთ, ყირიმს დაარტყამთ ან ყირიმის დაბრუნებას შეეცდებით, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. მთლიანობაში, ეს მაინც ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი“.
იური ფიოდოროვის თქმით, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და ნატოს ქვეყნების სამხედრო სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსებს ტაქტიკური საბრძოლო იარაღი გადააქვთ (ან გადაიტანეს) შენახვის ცენტრალიზებული ბაზებიდან სადღაც სამხედრო ნაწილებში, სადაც მათი გამოყენება შეიძლება. ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია რაიმე სახის საბრძოლო მასალის ფარულად გადატანა საწყობიდან კონკრეტულ სამხედრო ნაწილში, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ძალიან მცირე.
სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ვერანაირ უპირატესობას ვერ მოუტანს რუსეთს, რადგან მისი ეფექტიანობა საეჭვოა.
„ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს შეუძლია გაანადგუროს ყველა ცოცხალი არსება და აღჭურვილობა, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე. მაგრამ ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით რა შეიძლება მოხვდეს ამ არეალში? სერიოზული დონის სამეთაურო პუნქტი, ასეული, ბატალიონი, თუ გაგიმართლა და რა? პოლიტიკური შედეგები იქნება კოლოსალური, სამხედრო ეფექტი კი საეჭვო. გაანადგურებს ბატალიონს, მაგრამ მტერს ბევრი ასეთი ბატალიონი ჰყავს. HIMARS-ის ან „გრადის“ ზალპურ ცეცხლს შეუძლია იმავე ამოცანის გადაჭრა. გარდა ამისა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში სამხედრო ნაწილებს მოუწევთ რადიოაქტიურ უდაბნოში მოქმედება“, - ამბობს იური ფიოდოროვი.