Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაინახა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინა აგრესიულ ზომებს ატარებდა კორუფციის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას მსგავსი მიდგომის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მილერის თქმით, კორუფციის საკითხი განიხილეს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტის დროს.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრები უკრაინისგან ანტიკორუფციული ზომების მიღებას მოითხოვენ. ეს არის ის, „რაც უკრაინამ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოიპოვოს დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერა და საბოლოოდ გააცნობიეროს თავისი ევროპული მისწრაფებები, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს უდავოა“, - განაცხადა მილერმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია თავად უკრაინისთვის, მისი მდგრადი ეკონომიკის მშენებლობისთვის.

მანამდე Politico თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური დოკუმენტების მიხედვით წერდა, რომ ვაშინგტონში გაცილებით მეტი შეშფოთებით უყურებენ უკრაინაში კორუფციის ფაქტებს, ვიდრე ამას პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საჯაროდ აღიარებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში მაიკ პაილმა მანამდე დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას წერილი მისწერა იმ რეფორმების ჩამონათვალით, რომლებიც უკრაინამ უნდა გაატაროს მისთვის დახმარების გაწევის გასაგრძელებლად.

2023 წლის იანვარში დონორთა საკოორდინაციო პლატფორმამ მუშაობა დაიწყო უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესის მხარდასაჭერად, ე.წ. „ფინანსური რამშტაინის“ ფარგლებში.

დონორთა საკოორდინაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მას ესწრებოდნენ უკრაინის, ევროკავშირის, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების, ასევე ფინანსური ინსტიტუტების, EIB-ის, EBRD-ის, IMF-ისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები.

გუშინ გვიან გახდა ასევე ცნობილი, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს დაეხმარება იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.

XS
SM
MD
LG