როდესაც ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამით დასრულდა დაძაბული საარჩევნო ბრძოლა. მასში უკრაინამ, ქვეყანამ, რომელსაც არასდროს ეთმობოდა აშშ-ის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი, მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.
კიევი აშშ-ის პოლიტიკური ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ტრამპს ბრალი დასდეს, რომ ის ზეწოლას ახორციელებდა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე 2019 წლის სატელეფონო საუბრის დროს. ბრალდების თანახმად, ტრამპი ზელენსკის სთხოვდა, ჭუჭყი ამოექექა უკრაინაში ბაიდენის ოჯახის საქმიანობაზე. ამან ვაშინგტონში გამოიწვია იმპიჩმენტის ფეთქებადი პროცესი, რომელმაც თვეები გასტანა.
აშშ-ის არჩევნების დასრულების შემდეგ უკრაინაში შვებით ამოისუნთქეს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შეეძლო რყევების უკან მოტოვება და აშშ-ის პოლიტიკური ბრძოლებიდან აქცენტების გადანაცვლება საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიცაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ძალით ჩაგვითრიეს“, განუცხადა ზელენსკიმ The New York Times-ს 2020 წლის დეკემბერში და დასძინა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად „არ მინდა, უკრაინა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ბრძოლის საგანი გახდეს“.
სამი წლის შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატები იმისკენ მიემართება, რაც 2024 წლის ნოემბერში ბაიდენისა და ტრამპის „მატჩ-რევანში“ შეიძლება იყოს, უკრაინა კვლავ ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მოისმის 2019-20 წლების ექოც, მათ შორის იმპიჩმენტის მოწოდება: ოღონდ ამჯერად ბაიდენია სამიზნე.
მაგრამ ამჟამად გარემოებები უფრო დრამატულია და ორივე ქვეყნის ფსონები უფრო მაღალია. უკრაინა იბრძვის რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ და აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია ამ ომში. და იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, დიდი შედეგები ექნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვისაც.
„ვფიქრობ, უკრაინა კიდევ უფრო მეტად იქცევა შიდა საარჩევნო საკითხად, ვიდრე ეს იყო 2020 წელს“, უთხრა რადიო თავისუფლებას დენიელ ვაიდიჩმა, ვაშინგტონში მოქმედი Yorktown Solutions-ის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინისთვის ეწევა ლობირებას.
მიმდინარე კვირაში აშშ-ში ზელენსკის ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის პოლიტიკაში მისი ქვეყნის მნიშვნელობას არჩევნებამდე 14 თვით ადრე.
ეს ხდება მაშინ, როცა კონგრესი განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ახალ ხარჯებთან დაკავშირებით შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც მილიარდობით დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის ფონზე უკრაინისთვის უზარმაზარი თანხების და სულ უფრო და უფრო მძლავრი იარაღის მიწოდება იყო ბაიდენის პრეზიდენტობის განმსაზღვრელი ასპექტი და სავარაუდოა, რომ ეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება.
რესპუბლიკელები, რომლებიც არჩევნებში ბაიდენის გამოწვევას ცდილობენ, - მათ შორის ტრამპი, რომელიც, როგორც გამოკითხვები ცხადყოფს, პარტიის კანდიდატად წარდგენისთვის ბრძოლაში ბევრად უსწრებს სხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ სხვადასხვა საქმეშია ბრალდებული, - მოგზაურობენ ქვეყანის მასშტაბით და თავს ესხმიან მოქმედი პრეზიდენტის რეპუტაციას, მათ შორის უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
საჯარო პრიორიტეტების შეცვლა?
აშშ-მა უკვე 76 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას მაშინ, როცა მცირე მოლოდინია ან საერთოდ არ არის მოსალოდნელი, რომ მეზობლის წინააღმდეგ რუსეთის ომი აშშ-ის არჩევნებამდე დასრულდება. უკრაინისადმი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა, როგორც ჩანს, იკლებს შიდა ეკონომიკური სირთულეების ფონზე.
უფრო მეტი ამერიკელი სვამს კითხვას, ხომ არ ჯობდა ფულის დახარჯვა შინ, სადაც მაღალი ინფლაცია მილიონობით ამომრჩეველს აზარალებს. რესპუბლიკელი კანონმდებლები და პრეზიდენტობის პრეტენდენტები ცდილობენ, ეს ცვლილება ამომრჩეველთა გულების მოსაგებად გამოიყენონ. წარმომადგენელთა პალატაში ათობით რესპუბლიკელმა თქვა უარი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებაზე და განაცხადა, რომ კიევის ბედი არ წარმოადგენს აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესს.
ბაიდენი 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას შეეცადა, შესწინააღმდეგებოდა ასეთ განცხადებებს და თქვა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხო, თუ „ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას“ რუსეთის მიერ.
ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, ვინაიდან რუსეთის მიერ უკრაინის სწრაფი დამორჩილების და ბრძოლის ველზე შემდგომი წარუმატებლობის შემდეგ მისი მთავარი იმედია ის, რომ კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეწყდება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ პუტინი განაგრძობს შეჭრას - მიუხედავად რუსეთისთვის უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური დანახარჯებისა - იმ იმედით, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნები ხელს შეუწყობს მისთვის ხელსაყრელ ცვლილებას უკრაინის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაში.
მიმდინარე გამოკითხვები მყარად მიუთითებს განმეორებით შერკინებაზე ბაიდენს, უკრაინის სუვერენიტეტის დიდ მხარდამჭერს, და ტრამპს შორის, რომელმაც ზელენსკი გააკრიტიკა და კიევი დაადანაშაულა მის წინააღმდეგ 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში.
ზელენსკი და მისი მთავრობა დასავლეთში უკრაინის მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ, დაარწმუნონ აშშ-ის კანონმდებლები და ამერიკის საზოგადოება, რომ დახმარება „ქველმოქმედება“ კი არ არის, არამედ ესაა ინვესტიცია აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოებაში.
კიევი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინა წინ მიიწევს ბრძოლის ველზე - დიდი კონტრშეტევის ფონზე, რომელმაც დღემდე მხოლოდ ზომიერი წარმატება მოიტანა - და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი შიდა რეფორმების გატარებაში.
და ამ პირობებში, როცა ახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ზელენსკის შესაძლოა დანის პირზე გავლა მოუწიოს, რათა არ ჩაითვალოს, რომ ის ერთ პარტიას ან საპრეზიდენტო კანდიდატს მეორეს ამჯობინებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული განხეთქილება.
აშშ-ის დახმარების პაკეტი
აგვისტოში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს წარუდგინა გადაუდებელი ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მოიცავს კიდევ 24 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის. თანხას, რომელმაც უნდა დაფაროს კიევის საჭიროებები მინიმუმ წლის ბოლომდე, როდესაც აშშ-ის მეტი დახმარება შეიძლება დაემატოს ყოველწლიური ასიგნებების კანონმდებლობას.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად უკრაინას დახმარებას აწვდის 45 მილიარდი დოლარის პაკეტიდან, რომელიც დეკემბერში დაამტკიცა კონგრესმა როგორც წლიური ხარჯების კანონპროექტის ნაწილი. როგორც მოსალოდნელია, ეს პაკეტი ამ თვის ბოლომდე ამოიწურება.
თეთრ სახლს არ სურს, მოითხოვოს დიდი თანხა, რომელიც მთელს ფისკალურ წელს გასწვდებოდა, „რადგან ეს დიდ ყურადღებას მიიქცევდა“, წერდა ახლახან მარკ კანსიანი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი.
„ნაკლებად საკამათოა უკრაინის დახმარების დაფინანსების მოქცევა სრული ფედერალური ბიუჯეტის კონტექსტში, როდესაც საბოლოო ბიუჯეტის შეთანხმება მიიღწევა“, - თქვა კანსიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ სენატში ორივე პარტია ეთანხმება გადაუდებელი დახმარების ახალ პაკეტს, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა შორის უმცირესობის ჯგუფი ხელს უშლის კანონპროექტს. ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას ხარჯვის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ეკამათებიან. ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებული განხეთქილებისა უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.
„მე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ უკრაინაში კიდევ ერთი დოლარის გაგზავნით“, - თქვა წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაიკ გარსიამ, რესპუბლიკელმა კალიფორნიიდან. „იცით, უკრაინა იგებს თუ არა ახლა ომს უკრაინაში? იმიტომ, რომ მე არ ვიცი."
ამ წლის დასაწყისში, წარმომადგენელთა პალატაში 70-მა რესპუბლიკელმა - მათი წევრების თითქმის მესამედმა - მხარი დაუჭირა ფლორიდელი კონგრესმენის, მატ გეცის მიერ შეთავაზებულ ცვლილებას, რომელიც დაბლოკავდა უკრაინის ნებისმიერ ახალ დაფინანსებას. კანონპროექტი ჩავარდა, პალატაში მის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა და რესპუბლიკელთა უმრავლესობამ.
მაგრამ თუკი უკრაინისადმი აშშ-ის საზოგადოების მხარდაჭერა აბსოლუტური იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი ამერიკელი კარგავს ინტერესს ომისადმი, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ის.
ივლისში CNN-ის გამოკითხვაში უმრავლესობამ - 55-მა პროცენტმა - განაცხადა, რომ კონგრესმა არ უნდა დაამტკიცოს უკრაინისთვის მეტი დაფინანსება. გამოკითხვამ აჩვენა მკაფიო განხეთქილება პარტიული სიმპათიების შესაბამისად. რესპუბლიკელ რესპონდენტთა 71-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ახალი დაფინანსების წინააღმდეგია, ხოლო დემოკრატების 62-მა პროცენტმა თქვა, რომ მხარს უჭერს მეტ დახმარებას.
ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, რუსეთსა და ევრაზიაზე ფოკუსირებული კენანის ინსტიტუტის დირექტორმა უილ პომერანცმა, თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამგვარმა განწყობებმა უკრაინისადმი ადმინისტრაციის მხარდაჭერა შეამციროს წინასაარჩევნოდ.
„ბაიდენი ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და მან გაიმეორა ეს გაეროში“, - თქვა მან.
ტრამპის ფაქტორი
რამდენად არსებითად შეეცდება ტრამპი უკრაინის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკის შეცვლას, თუ ამერიკელები მას თანამდებობაზე დააბრუნებენ, გაურკვეველია. მაგრამ ომის შესახებ აქამდე გაკეთებულ კომენტარებში მას კიევის დახმარებისადმი ინტერესი არ გამოუხატავს.
2017 წლიდან 2021 წლამდე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ტრამპი ზოგჯერ უკრაინის მიმართ მწვავე კრიტიკითა და აშკარა ზიზღით გამოირჩეოდა, ამბობენ აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც მის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.
ტელეარხ CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 სექტემბერს გავიდა ეთერში, ტრამპმა თქვა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ზელენსკის და პუტინს სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიყოლიებს. მაგრამ, ისევე, როგორც წარსულში გაკეთებული მსგავსი კომენტარების შემთხვევაში, მას დეტალები არ დაუსახელებია.
კითხვაზე, აიძულებს თუ არა ის უკრაინას ტერიტორიის დათმობას, ტრამპმა თქვა, რომ არ გააკეთებს ამას და ამით მან კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, როგორ შეიძლება შეეცადოს ომის დასრულებას.
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ შესაძლოა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის აღიარება, რომელიც მოსკოვმა მანამდე ორი წლით ადრე დაიპყრო.
პომერანცის თქმით, ის „სავსებით მოელის“, რომ ტრამპი შეეცდება, უკრაინას შეუჩეროს აშშ-ის დახმარება, თუ ის მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ამის განსახორციელებლად მას მინიმუმ დასჭირდება კონგრესში რესპუბლიკელთა გამარჯვება. რესპუბლიკელები ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში მანდატების მცირე უმრავლესობას ფლობენ და ოდნავი უმცირესობა აქვთ სენატში.
უკრაინასთან როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ურთიერთობებზე გავლენას ახდენს წარსული და ის მოვლენები, რომლებმაც გარკვეული როლი ითამაშა როგორც ერთის, ისე მეორის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მცდელობებში.
ტრამპს ბრალი დასდეს 2019 წელს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის კრიტიკულად მნიშნველოვანი სამხედრო დახმარების შეჩერებაში, რათა ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინა და ეიძულებინა ის, ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის თაობაზე გამოძიების წარმოება დაეწყო. ჰანტერ ბაიდენი უკრაინული გაზის კომპანიის საბჭოს წევრი იყო იმ პერიოდში, როცა მამამისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში საკვანძო როლს თამაშობდა კიევთან ურთიერთობებში.
2019 წლის დეკემბერში, როცა 2020 წლის არჩევნებამდე ერთ წელზე უფრო ნაკლები იყო დარჩენილი, ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა წაუყენა ბრალად წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც მაშინ დემოკრატებს ჰქონდათ უმრავლესობა.
იმპიჩმენტის პროცესს ბიძგი მისცა 2019 წლის ივლისის სატელეფონო ზარმა, რომლის დროსაც ტრამპმა, როგორც ჩანს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობად ზელენსკის მთავრობას მოსთხოვა ჯო ბაიდენისა და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება.
2020 წლის თებერვალში სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ტრამპი გაამართლა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ახლა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ დაიწყო იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება ბაიდენის სავარაუდო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. მათ შორის, იძიებენ, იცრუა თუ არა მან უკრაინაში თავისი შვილის საქმიანი გარიგების თაობაზე ცოდნის შესახებ.
გამოძიებამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელების კამპანიებს, რომლებიც ბაიდენის გამოწვევას ცდილობენ, რაც კიდევ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცევს უკრაინას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამან შეიძლება ასევე საზოგადოების ყურადღება მეტად მიმართოს კორუფციაზე უკრაინაში, ეს კი, თავის მხრივ, ზოგიერთ ამერიკელ ამომრჩეველში დათესავს ან გააღრმავებს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად ლოგიკურია კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.
ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა ეჩვენებინა თავისი ადმინისტრაციის ერთგულება მექრთამეობასთან ბრძოლის მიმართ.
მან ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ჩინოვნიკებს უფლებას მისცემდა, საზოგადოებისთვის დაემალათ თავიანთი სიმდიდრე და თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა შეიარაღებულ ძალებში კორუფციის არსებობის მტკიცებულებებისა და ბრალდებების ფონზე. ასევე გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრის ექვსივე მოადგილე.
2 სექტემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა იჰორ კოლომოისკი, აშშ-ის მიერ სანქცირებული მაგნატი. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ის ყაჩაღური ტიპის კაპიტალიზმის მეთოდებს იყენებდა.
ეს ნაბიჯები არის „ზელენსკის უფრო ფართო აღიარება იმისა, რომ შიდა რეფორმების დღის წესრიგი არსებითად არის გადაჯაჭვული უკრაინის საგარეო მხარდაჭერასთან, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერასთან“, თქვა ვაიდიჩმა.
პუტინის სხვა ბერკეტები?
ტრამპს დიდი გავლენა აქვს რესპუბლიკურ პარტიაში და არჩევნების წინ კონგრესის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უკრაინის მხარდაჭერის დონე შეიძლება ნაწილობრივ დამოკიდებული იყოს იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა ის ლიდერობას პარტიული ნომინაციისთვის პრაიმერიზში, რომელიც 2024 წლის დამდეგს დაიწყება.
პრეზიდენტობის მოსურნე სხვა რესპუბლიკელებმა, მათ შორის ტრამპის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარება კი არ უნდა შეამციროს, არამედ პირიქით - უნდა გაზარდოს.
პენსმა თქვა, რომ თუ რუსეთი მოიგებს უკრაინის წინააღმდეგ ომს, პუტინი გათამამდება და ნატოს მოკავშირეებზე გაიწევს, რითაც აიძულებს ამერიკელ ჯარისკაცებს, საკუთარი თავის დასაცავად იბრძოლონ.
მან ბაიდენიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ცდილობს უკრაინის დახმარება დემოკრატიის ხელშეწყობით გაამართლოს და არა აშშ-ის ძირითადი ეროვნული ინტერესებით.
მაშინ, როცა რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა შესაძლოა ფაქტორად იქცეს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში, ამომრჩევლები ხშირად უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, უფრო ახლოსაა საშინაო პრობლემებთან და უფრო მეტად შეიძლება მოქმედებდეს მათს ცხოვრებაზე.
პუტინმა შესაძლოა სინჯოს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, - მათ შორის, უკრაინის ომთან დაკავშირებული ბერკეტებისა, - რათა შეერთებული შტატების არჩევნებზე თავისთვის სასურველი ზეგავლენის მოხდენა სცადოს.
მაგალითად, მოსკოვი შეიძლება შეეცადოს, რომ აშშ-ს ინფლაციის დონის შემცირებაში შეუშალოს ხელი ნავთობის, მარცვლეულისა და სხვა საქონლის ფასების გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯებით, წერდა აგვისტოში რესპუბლიკელი პოლიტიკური კონსულტანტი კით ნოთონი.
პუტინი უკვე თანამშრომლობს საუდის არაბეთთან ნავთობის მოპოვების შესამცირებლად და ფასების გასაზრდელად. მოპოვების შემცირების გამოცხადებიდან სამ თვეში ფასები ერთ მეოთხედზე მეტით გაიზარდა. ამავე დროს რუსეთი გამოვიდა უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმებიდან, რომელიც სურსათის ფასების შემცირებას უწყობდა ხელს.
„წარმოიდგინეთ ბაიდენი ტრამპის წინააღმდეგ მზარდი ინფლაციისა და მზარდი უმუშევრობის პირობებში. არცერთი ბრალდება [ტრამპის წინააღმდეგ] არ იქნება საკმარისი ბაიდენის გადასარჩენად“, - წერს ნოთონი.