Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს ამზადებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი კიევში, პრესკონფერენციაზე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი კიევში, პრესკონფერენციაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კვირას, 1 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან.

„ვნახავთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში და ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მოცულობამ უკვე მიაღწია 25 მილიარდ ევროს, ხოლო მთლიანი დახმარების მოცულობა, ჰუმანიტარულისა და ფინანსურის ჩათვლით, 85 მილიარდ ევროს შეადგენს.

ბორელი ოდესასა და კიევს სტუმრობდა. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს, შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო შეხვედრა პრიორიტეტების დასახვის მიზნით, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს.

ჟოზეპ ბორელი 30 ოქტომბერს მოულოდნელად ჩავიდა ოდესაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს ამ მიზნებისათვის თანხების გამოყოფაზე.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობდა უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას, რომელიც, ძირითადად, კიევისთვის იარაღის მიწოდებას უნდა მოხმარებოდა. ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატში და განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაში, ეწინააღმდეგებოდა ამ რაოდენობის დახმარებას. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება არსებობს სხვა საბიუჯეტო საკითხებზეც.

ბიუჯეტი რომ არ დამტკიცებულიყო, 1 ოქტომბერს მოხდებოდა აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება. შედეგად, ათიათასობით ფედერალურ თანამშრომელს მოუწევდა შვებულებაში ანაზღაურების გარეშე გასვლა, ხოლო სხვადასხვა სამთავრობო სამსახური შეაჩერებდა მუშაობას.

დემოკრატები და რესპუბლიკელთა უმრავლესობა თანხმდებიან, რომ კიევმა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად აშშ-ისგან საჭირო დახმარების მიღება უნდა გააგრძელოს.

XS
SM
MD
LG