Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტენდს საკუთარი სახსრებით მოაწყობენ


ქართველმა გამომცემლებმა, რომლებსაც საქართველოს მწერალთა სახლისათვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით აპირებენ სტენდის მოწყობას. სტენდი ღია იქნება ყველა ქართველი გამომცემლისათვის მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ისინი ბოიკოტის პირობებს. „გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამომცემლები აცხადებენ, რომ ბოიკოტის მთავარი მიზეზია „ის საფრთხე, რომელიც, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება.“ მათი აზრით, კულტურის სფეროს შევიწროვება ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომაც გამომცემლები და მწერლები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში აპირებენ თანამშრომლობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და მასში მონაწილეობა აუცილებელია, როგორც ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული წარმატების, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა თუ ეროვნული მიზნებისთვის და ამიტომ ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც და მიიღებენ მონაწილეობას უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში.

„იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერას გამოუცხადებენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები თუ ფონდები, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა ინტელექტი, გამომცემლობა პალიტრა L და გამომცემლობა არტანუჯი.

XS
SM
MD
LG