Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე, ფაშინიანმა თქვა, რომ ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად".

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო.

ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო, ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.

დღეს, 28 სექტემბერს, ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.

  • აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ მიმდებარე რაიონზე. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღმა გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“, რომელიც არავის უღიარებია, მათ შორის სომხეთსაც. რეგიონში სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
XS
SM
MD
LG