Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" არსებობას 1 იანვრიდან შეწყვეტს


ფოტო არქივიდან. ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ სტეფანაკერტიდან გასასვლელის აღმნიშვნელი წარწერა
ფოტო არქივიდან. ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ სტეფანაკერტიდან გასასვლელის აღმნიშვნელი წარწერა

2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

შაჰრამანიანის ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი).

მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.

მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.

  • აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ მიმდებარე რაიონზე. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღმა გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“, რომელიც არავის უღიარებია, მათ შორის სომხეთსაც. რეგიონში სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
XS
SM
MD
LG