აზერბაიჯანის მთავრობამ დღეს, 27 სექტემბერს, გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები მთიან ყარაბაღში 19-20 სექტემბერს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებებისას“ დაიღუპა შეიარაღებული ძალების 180 სამხედრო მოსამსახურე და შსს-ს 12 თანამშრომელი და დაიჭრა 511 სამხედრო. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, დაიღუპა 1 და დაიჭრა 1 სამოქალაქო პირი.
26 სექტემბერს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადაასვენეს 125 დაღუპულის ცხედარი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღიდგინა, რეგიონის დატოვება დაიწყეს ეთნიკურმა სომხებმა. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.
სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 27 სექტემბრის დილის 8 საათის მდგომარეობით, ყარაბაღი დატოვა 42 502-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, ერევანში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
- აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
- 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".