კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის თანამდებობა დატოვა ენტონი როტამ, რომელმაც 22 სექტემბერს, პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობის გამო, სხდომაზე მიიწვია 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა და ის წარადგინა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად და გმირად. ჰუნკას ტაშით შეეგება დარბაზი, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუნკა მსახურობდა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ, უკრაინელ მოხალისეთა დივიზია „გალიციაში“(გალიჩინა).
ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, კანადის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია გვიან შეიტყო. როტამ ისიც თქვა, რომ ჰუნკას მიწვევა პირადად გადაწყვიტა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც დეპუტატებმა და არც უკრაინის დელეგაციამ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ მომხდარს უწოდა პარლამენტის და ყველა კანადელის სირცხვილი, მისი კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა კი როტას გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორც დასავლური მედია წერს, თავდაპირველად ენტონი როტა გადადგომას გამორიცხავდა, თუმცა, საზოგადოების მხრიდან ზეწოლის ფონზე, 26 სექტემბერს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
კანადის პარლამენტში იაროსლავ ჰუნკას მიწვევა და მისთვის ოვაციების მოწყობა დაგმეს ებრაულმა ორგანიზაციებმა. მათ შემაშფოთებელი უწოდეს ებრაელთა გენოციდში მონაწილე დივიზიის წევრისთვის პატივის მიგებას.
ინციდენტის გამო კანადისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა პოლონეთის ელჩმა ვიტოლდ დზელსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ SS-ის მიერ შექმნილი ნაცისტური დივიზია „გალიცია“ პასუხისმგებელია ათასობით ებრაელის და პოლონელის მკვლელობაზე. კანადის პარლამენტში მომხდარი ფაქტი პროპაგანდისტული რეპორტაჟებისთვის გამოიყენა კრემლის მიერ კონტროლირებულმა რუსულმა მედიამ.