კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ ბოდიში მოიხადა SS-ის ჯარების ვეტერანის დეპუტატების წინაშე მიწვევისთვის. 98 წლის იაროსლავ ჰუნკას ოვაციებით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს.
პარასკევს, 22 სექტემბერს, ზელენსკი კანადის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე გამოვიდა სიტყვით კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თანდასწრებით. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოტავას რუსეთის ინტერვენციის დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ კანადა „ყოველთვის ისტორიის ნათელ მხარეს იყო“. გამოსვლისას მას რამდენჯერმე გაუმართეს ოვაციები ფეხზე ამდგარმა დეპუტატებმა.
როტამ შეკრებილებს გააცნო 98 წლის ჰუნკა და დამსწრეთ შესთავაზა, მისალმებოდნენ მას, როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირს, „რომელიც მაშინ იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რუსი აგრესორებისგან და ახლაც აგრძელებს სამხედროების მხარდაჭერას“.
ჰუნკა მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მე-14 მოხალისე ქვეითი დივიზიის, ნაცისტური გერმანიის SS-ის ჯარების ქვედანაყოფის, ვეტერანი. კანადა მაშინ გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე უფლებადამცველმა და ებრაულმა ორგანიზაციამ დაგმო გამოსვლა და ოვაციები.
„კანადის ებრაული თემი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ, როდესაც ათეთრებენ უკრაინელების მიერ ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ დანაშაულებს“, - ნათქვამია ისრაელისა და ებრაულ საქმეთა ცენტრის განცხადებაში. გამოსვლას აქტიურად იყენებს რუსული პროპაგანდა. რუსეთის ელჩმა ოტავაში, ოლეგ სტეპანოვმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტებას მოითხოვს კანადისგან.
როტას განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ჰუნკას დეპუტატებისა და ზელენსკის წინაშე გამოჩენისთვის. „არავინ, მათ შორის არც პარლამენტარებმა და არც უკრაინის დელეგაციამ, არ იცოდა ჩემი განზრახვის [SS-ის ვეტერანის წარდგენის] და ჩემი განცხადებების შესახებ, სანამ მათ გავაკეთებდი“, - ნათქვამია ტექსტში.