Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ სევასტოპოლზე თავდასხმას ემსხვერპლნენ რუსეთის ფლოტის მეთაურები


კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი
კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი

უკრაინის არმიის განცხადებით, 22 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე რაკეტებით თავდასხმის სამიზნე იყო "რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელების შეხვედრა", და იერიშს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

"თავდასხმის დეტალები რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდება, შედეგია ათობით მოკლული და დაჭრილი ოკუპანტი, მათ შორის, ფლოტის მაღალჩინოსნები", - აცხადებს უკრაინის არმია 23 სექტემბერს.

ამერიკის ხმისთვის (VOA) მიცემულ ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ თავდასხმას, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა შავი ზღვის ფლოტის შტაბბინას, ემსხვერპლა "სულ მცირე ცხრა ადამიანი", მათ შორის - გენერლები. რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს მსხვერპლის თაობაზე ბუდანოვის და უკრაინის არმიის განცხადებების გადამოწმებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 22 სექტემბერს ტელეგრამით წერდა, რომ შეტევაში გამოყენებული ხუთი საკრუიზო რაკეტა ჩამოგდებულ იქნა. სამინისტროს განცხადებით, დაკარგულია ერთი რუსი სამხედრო, მანამდე სამინისტრო ერთი ჯარისკაცის დაღუპვას იუწყებოდა. მოსკოვს არ გაუვრცელებია ახალი ცნობა მსხვერპლის შესახებ და არც პასუხი გაუცია უკრაინის წარმომადგენლების განცხადებებისთვის, რომ დატყმის სამიზნე იყო რუსეთის ფლოტის მეთაურთა შეხვედრა.

რადიო თავისუფლების Crimea.Realities 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ სამი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფლოტის დიდი ნაწილი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასახავდა კვამლს სევასტოპოლის პორტის თავზე.

XS
SM
MD
LG