Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა სხდომა ზელენსკისა და ლავროვის მონაწილეობით


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 20 სექტემბერი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 20 სექტემბერი, 2023.

20 სექტემბერს გაერომ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. მას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრაა უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. თუმცა, მათ არ მოუსმინეს ერთმანეთის გამოსვლებს.

ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ნებენზიამ პროტესტი გამოთქვა შეხვედრის დასაწყისში ზელენსკის გამოსვლის გამო. სხდომის თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მას უპასუხა, რომ თუ მოსკოვს არ სურს უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მან უნდა შეწყვიტოს ომი.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაეროს ვეღარ ენდობიან კონფლიქტების გადაჭრის საკითხში ორგანიზაციის უუნარობის გამო. „ისინი აქ ძირითადად მკვლელებს იცავენ და არა მსხვერპლს“, - თქვა მან (ციტატები მოცემულია გადაცემის ოფიციალური თარგმანის მიხედვით).

მისი თქმით, მოსკოვი უშიშროების საბჭოში უკანონოდ იკავებს ადგილს და ამით იღებს ვეტოს პრივილეგიას ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილებაზე. „ეს არის უკრაინის ომის 574-ე დღე“, - თქვა მან, „ეს არის 574 მიზეზი, რომ ორგანიზაციაში რაღაც შეცვალოთ.“

ზელენსკის აზრით, ორგანიზაციას რეფორმა სჭირდება. მისი სიტყვებით, უშიშროების საბჭო უნდა გაფართოვდეს და ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გადალახონ არსებული მუდმივი წევრების ვეტო. მან წინადადება წამოაყენა, ახალ მუდმივ წევრებად მიღებულ იქნენ აფრიკის კავშირი, იაპონია, გერმანია და ინდოეთი.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა 1991 წლის საზღვრების მდგომარეობით. „მხოლოდ ამ პირობების შესრულება უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას“, - თქვა მან.

თავმჯდომარემ, ედი რამამ, მადლობა გადაუხადა ზელენსკის გამოსვლისთვის. მან თქვა, რომ ბოლო დრომდე „შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა“, რომ უშიშროების საბჭოს წევრი „არაპროვოცირებულ ომს წამოიწყებდა“. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ევროპასა და მთელს მსოფლიოს. „ჩვენი ორგანიზაციისთვის სამარცხვინო იქნება, თუ ნათლად ვერ ვიტყვით, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის მსხვერპლი“, - განაცხადა მან.

"ჯერ იყო საქართველო, ხმა არ ამომიღია. მერე იყო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და მე ხმა არ ამომიღია. მერე იყო ყირიმი, მერე უკრაინა და აღარაფერი დამრჩა სათქმელი", - თქვა რამამ. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რამას მადლობა გადაუხადა „მორალური სიცხადისთვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა უკრაინის ომში. მისი განცხადებით, უკრაინის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნება ყირიმისა და დონბასის მოსახლეობას ემუქრება „განადგურებით, როგორც იურიდიულით, ისე ფიზიკურით“. „ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში მხოლოდ ლოზუნგები გვესმის: შეჭრა, აგრესია, ანექსია“, - თქვა მან და საბჭოს დასავლელი წევრები მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

გუშინ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. მან მოსკოვი დაადანაშაულა ბირთვულ შანტაჟში და სასურსათო კრიზისისა და ენერგომატარებლებით ვაჭრობის იარაღად გამოყენებაში. მან მონაწილეებს მოუწოდა, გააკეთონ „ყველაფერი აგრესორის დასამარცხებლად“.

XS
SM
MD
LG