Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ნიუ-იორკამდე „რთული მარშრუტით" ჩავიდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს. რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან აშშ-ში ჩრდილოეთის გზით, 11 საათსა და 40 წუთში ჩაფრინდა.

რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს საკუთარ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.

ნიუ-იორკში ლავროვის გამგზავრებამდე მისმა მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა „ტასს“ განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო, მინისტრის მარშრუტი „რთული" იქნებოდა „როგორც მანძილის, ისე დროის თვალსაზრისით". ამასთან, რიაბკოვის ინფორმაციით, აშშ-ისგან დროულად მიიღეს მის საჰაერო სივრცეში ლავროვის „სპეცბორტის“ შესვლის ნებართვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 სექტემბერს სერგეი ლავროვი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის საერთო პოლიტიკურ დისკუსიაზე და „დაწვრილებით წარმოადგენს რუსეთის პრინციპულ მიდგომებს უმნიშვნელოვანესი გლობალური საკითხების მიმართ“.

19 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან მსოფლიოს რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული აგრესიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ვერავინ ვეღარ შეძლოს ვერცერთ ხალხზე თავდასხმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დანაშაულის ჩამდენები უნდა დაისაჯონ, უკრაინიდან დეპორტირებულები სახლში დაბრუნდნენ, ხოლო ოკუპანტები - საკუთარ მიწაზე.

XS
SM
MD
LG