აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვლისას მოუწოდა მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერებს, მხარში დაუდგნენ უკრაინას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ბაიდენმა თქვა, რომ თუ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, არცერთი ქვეყანა აღარ იქნება უსაფრთხოდ. ბაიდენის სიტყვებით: “ამ შიშველ აგრესიას დღეს უნდა აღვუდგეთ წინ, რათა შევაჩეროთ პოტენციური აგრესორები ხვალ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ომს უწოდა უკანონო დაპყრობითი ომი.
ბაიდენი, დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელმაც თავის მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინისთვის მხარდაჭერისკენ, გააკრიტიკა ვაშინგტონში კონგრესის ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა, რომლებსაც სურთ, რომ აშშ-მა ნაკლები თანხები დახარჯოს საომარ მოქმედებზე.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში გაიმეორა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ნათქვამი ასამბლეის გახსნისას, რომ უკრაინაში „რუსეთის შეჭრამ საშინელებათა კვანძები გახსნა“.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი და ამერიკის ოფიციალური პირები ყურადღებას გაამახვილებენ მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურებისთვის რესურსების მობილიზებაზე, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.
ნიუ-იორკში 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოდის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ჯო ბაიდენს, ასევე კონგრესის ზოგიერთ ლიდერს შეხვდება.
აშშ-ში ზელენსკის სტუმრობისთვის ვაშინგტონმა მოამზადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის.
თავისი გამოსვლის შემდეგ, 19 სექტემბერს, ჯო ბაიდენი ხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, რათა ისაუბრონ მსოფლიოს ცხელი წერტილების შესახებ. მოგვიანებით დაგეგმილია ბაიდენის შეხვედრა შუა აზიის ხუთი ქვეყნის სამიტის მონაწილეებთან.
20 სექტემბერს ბაიდენი მოილაპარაკებს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულასთან და გამართავს პირველ პირად შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მას მერე, რაც ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში დაბრუნდა.