Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში - უკრაინის საგარეო უწყებამ სუსს უპასუხა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ საქართველოს სუსის განცხადებას უპასუხა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ საქართველოს სუსის განცხადებას უპასუხა

უკრაინის საგარეო უწყება ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „გადატრიალებისა“ და „შეთქმულების“ ორგანიზებასა და მასში უკრაინული მხარის ჩართულობაზე.

„არ შეესაბამება სიმართლეს“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სუსის ინფორმაციაზე.

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა შიდაპოლიტიკური საკითხები მოაგვაროს. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - დაწერა მან.

ორშაბათს, 18 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.

არეულობის გეგმის ავტორებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა დაასახელა:

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო.
  • მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
  • უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ისინი ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუქვეყნებია მტკიცებულება, რომელიც უწყების მაღალჩინოსნის ნათქვამს გაამყარებდა.

საქართველოში დესტაბილიზაციის მსურველი ძალების შესახებ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს წლების განმავლობაში არაერთხელ განუცხადებიათ.

XS
SM
MD
LG