საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჟოზეპ ბორელი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. ამის შესახებ ბორელმა ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს ერთად და ძლიერად უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი, წარმატებული იყო ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია. გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი, გჭირდებათ თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში", - ამბობს ბორელი.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.
თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
საქართველოს პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე". მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.