მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე მიმდინარე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასამართლოში უჩივლებენ. ისინი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული იმ ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც დაიწყო მშენებლობა.
მათ მიაჩნიათ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა საერთო სარგებლობის ქონება 40 წლით იჯარით კერძო კომპანია „კანიონ 350-ზე“ გასცა, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე. ასევე მიაჩნიათ, რომ ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე არა ეკოტურისტული, როგორც ამას სააგენტო ირწმუნება, არამედ, „სათავგადასავლო ინფრასტრუქტურა“ ეწყობა. კანონით კი სახელმწიფომ ბუნების ძეგლი კერძო მესაკუთრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს, თუ მეპატრონე მას ეკოტურისტულ და რეკრეაციულ ფუნქციას შესძენს. ამასთან ახალგაზრდების თქმით, მშენებლობის დაწყების მიუხედავად, სააგენტოს არ აქვს ბალდის კანიონის შემდეგი განვითარების და მართვის გეგმა.
მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, სარჩელს დაურთავენ პეტიციას, რომელსაც ხელს სოფლის 350-მდე მცხოვრები აწერს.
სარჩელის შეტანამდე ბალდის კანიონზე მშენებლობა გრძელდება. პროცესი მხარეებს შორის 16 აგვისტოს შეთანხმებით, მხოლოდ 2 კვირით იყო შეჩერებული. ამიტომ ახალგაზრდების ერთ-ერთი მოთხოვნა სასამართლოში იქნება, მშენებლობის შეჩერება განაჩენის გამოცხადებამდე.
დავის სასამართლოში გაგრძელების გადაწყვეტილება ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მიიღეს.
მეორე შეხვდრა, რომელიც მედიისთვის ისევ დახურული იყო, 5 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა. ახალგაზრდებმა მოითხოვეს მშენებლობის შეწყვეტა, სოფლის მცხოვრებლებთან კანიონის ტურისტული ინფრაქტრუქტურის განვითარებაზე საჯარო განხილვების დაწყება და პროცესის განვითარება ბალდელების მოსაზრებების გათვალისწინებით:
„სასამართლო აუცილებელი გახდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ სიტყვიერი შეთანხმება ვერ შედგა. არ აღიარებენ იმ დანაშაულს... თან აღიარებენ ნაწილობრივ, მაგრამ მოდი, სასამართლოს მიმართეთო გვეუბნებიან. ჩვენ გვინდოდა, რომ სასამართლოს გარეშეც მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს ურჩევნიათ გაიწელოს და უფრო ხმაურიანი გახდეს ეს ამბავი. რაც ძალიან სამწუხაროა“, - თქვა მშენებლობის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ცოტნე თვარაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან 5 სექტემბერს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოლაპარაკებებით უკმაყოფილო იყო შეხვდერის კიდევ ერთი მონაწილე მათე მაყაშვილიც. მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად კონსულტაციებს იურისტებთან უკვე გადიან:
„დარწმუნებული ვარ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც უკანონოდ იქნება ცნობილი ამ იჯარით გაცემის აქტი. ჩვენი ძირეული მოთხოვნა იყო, ის რომ რა ეტაპზეც მოხდა დარღვევა, იმ ეტაპზე დაგვებრუნებინა პროცესი და იქედან დაგვეწყო უკვე სწორად მოქმედება. დარღვევა მოხდა იმ ეტაპზე, როცა არ მოეწყო საჯარო განხილვები. დავბრუნდეთ, დავიწყოთ საჯარო განხილვები, შევთანხმდეთ ერთიანად რაღაც ისეთ პროექტზე, რაც მისაღები იქნება მოსახლეობისთვსაც, მისაღები იქნება გარემოსთვისაც, ბუნებისთვისაც“, - თქვა მათე მაყაშვილმა.
კანიონზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფები შეცდომაში არიან შეყვანილი, - უთხრა ჟურნალისტებს ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ.
ის ირწმუნება, რომ ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „კანიონ 350-ზე“ კანონის დაცვით გაიცა იჯარით და მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს.
როგორც თომა დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება მხოლოდ იმ პირობით თუ შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.
„ის მიდგომა, რომ კანიონი გასხვისდა მცდარია. იქედან გამომდინარე, რომ ბალდის კანიონი არის სახელმწიფო საკუთრება, დარჩება სახელმწიფოს საკუთრებად. ის კონკრეტული ვადით გადაეცა კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებას. ასევე ხელი უნდა შეუწყოს, რომ თვითონ მოსახლეობაში გაჩნდეს შესაძლებლობა სარგებლის მიღების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდეს. სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს და მინდა აღვნიშნო, რომ პროცესში ჩართულია 15 ადგილობრივი მცხოვრები“, - უთხრა თომა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია „კანიონ 350-მა“ ბალდის კანიონი 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს.
კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.