დახურულ შეხვედრაზე ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ბალდელებმა კანიონის და სოფლის განვითარების საკუთარი ხედვა უნდა წარადგინონ.
“ჩვენი მოთხოვნა იყო მშენებლობის შეჩერება, ასევე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იფიქრებდა სოფლის და ხეობის ერთობლივად განვითარებაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ 2 კვირით შეჩერდება სამუშაოები. ასევე უნდა მივაწოდოთ ჩვენი ხედვა, ჩვენ როგორ ვხედავთ კანიონის და სოფლის განვითარებას. ამ 2 კვირაში უნდა ვუთხრათ, რა ვადა დაგვჭირდება იმისათვის, რომ მოვამზადოთ რაიმე კონკრეტული პროექტები. ჩვენ, მოსახლეობამ, უნდა შევიმუშაოთ რაღაც ალტერნატიული და უნდა შევთავაზოთ მათ”, - თქვა მათე მაყაშვილმა.
მარტვილის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მშენებლობის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 10 ახალგაზრდა, ესაუბრა მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, ასევე მშენებელი კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის მედიისთვის დახურული იყო, თუმცა ვისი მოთხოვნით ან რა მიზეზით, მერიაში ვერ განმარტეს. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების გარდა, მედიასთან კომენტარის გაკეთება შეხვედრის დანარჩენმა მონაწილეებმა არ ისურვეს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ სახელმწიფომ, ადგილობრივებთან შეთანხმების, მათი მოსაზრებების მოსმენის გარეშე გადაწყვიტა სოფლის ღირსშესანიშნაობის ბედი, რამაც ბალდელების უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია.
მათთვის მიუღებელია იერსახე დაეკარგოს ბალდის კანიონს, რომელიც თავისი ველური ბუნებით იზიდავს მნახველს. გარდა ამისა, ახალგაზრდები შიშობენ, რომ უფასოდ ვერ ისარგებლებენ კანიონით, რომელიც ოდითგანვე ბალდელების შეკრების ადგილი იყო:
“ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და იქ ვცხოვრობთ, შეურაცხმყოფელია, ჩვენ დაუკითხავად, ჩვენი ნებართვის გარეშე, ჩვენს საკუთრებას ასხვისებდნენ 40-წლიანი იჯარით. პროექტში არ არის გათვალისწინებული ჩვენი აზრი. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი რამ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს… ჩვენ არ ვართ ტურიზმის და ხეობის განვითარების წინააღმდეგი, პირიქით…
მე რომ ბალდაში გავიზარდე და დავიბადე და ეს ადგილი ჩემი მგონია, შეიძლება ვიღაც მოვიდეს და მითხრას, შენ აქ არ შეგიძლია შეხვიდე, შენ უნდა გადაიხადო საფასური და შენ მე უნდა შემეკითხო შესვლაზე. ეს ჩემში პროტესტს იწვევს, იმიტომ რომ ამ მხარით ვამაყობ და ბევრი სტუმარი, ტურისტი ჩამომყავს. არ ვსაუბრობ მე მატერიალურ მოგებაზე. მე მინდა, სტუმრებს ეს ადგილი ვაჩვენო ისეთი, როგორიც არის”, - თქვა ბალდის მცხოვრებმა თაზო რუხაიამ. ის მერიაში გამართულ შეხვედრას იმ იმედით დაესწრო, რომ სოფლის მცხოვრებლების პოზიციას სახელმწიფო და კერძო კომპანია დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაითვალისწინებენ.
როგორი იქნება კონცეფცია, რომელსაც ახალგაზრდების ჯგუფი ბალდის კანიონის და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის წარადგენს, ჯერ უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მასში გათვალისწინებული იქნება ბალდელების მოსაზრება:
“ჩემი პირადი შეხედულებაა, ეს ტერიტორია დავტოვოთ ავთენტური, ხელშეუხებელი, ატრაქციონების გარეშე. იმიტომ რომ ატრაქციონი სხვა სტილია, ველურ ბუნებასთან ურთიერთობა კიდევ სხვა სტილია. ტურისტებთანაც მქონია შეხება, გიდადაც მიმუშავია და ყველას მოსწონს ხელშეუხებელი ბუნება”, - მიიჩნევს მათე მაყაშვილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოდან რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ სოფელ ბალდაში უნიკალური კანიონის 20 წლით განკარგვის უფლება მისცა ტენდერში გამარჯვებულ კერძო კომპანიას, “კანიონ 350-ს”.
კომპანიამ 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით 2 წელიწადში კანიონი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს.
კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია უცხოებისთვის შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები თუ შედიან. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.