რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა თანამდებობიდან მისი ადმინისტრაციის უფროსის, ჯანსუღ ნანბას გათავისუფლების ბრძანებას. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ნანბას სხვა სამსახურში გადასვლა.
კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა მარიანა კვიცინიამ აცნობა, რომ ჯანსუღ ნანბამ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება საკუთარი სურვილით, 4 სექტემბერს დაწერა.
ჯანსუღ ნანბა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
4 სექტემბერს, აფხაზური ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. დღეს, 5 სექტემბერს სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ არძინბას გადადგომა დაუდასტურა „წყარომ რესპუბლიკის მთავრობაში“, თუმცა, „პრეზიდენტ“ ბჟანიას არძინბას განცხადება ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.