რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს უკრაინული მხარის ინფორმაციას, რომ გასულ ღამით, ოდესის ოლქზე რუსეთის შეტევისას დრონები რუმინეთის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებით, მასზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
დღეს, 4 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ იზმაილის პორტის რაიონში მასირებული შეტევის დროს, რუსული „შაჰედები“ უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ნიკოლენკოს განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ტერორი“ უდიდესი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მეზობელი, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვისაც და პარტნიორებს მოუწოდებენ, დააჩქარონ უკრაინისთვის დამატებითი, თანამედროვე თავდაცვითი სისტემების მიწოდება.
სააგენტო Reuters-ს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს, მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისას რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრი დემჩენკომ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ გასულ ღამით, იზმაილის პორტის რაიონში რუსული დრონებით შეტევისას, ამ რაიონში მყოფმა უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს მოწინააღმდეგის ორი უპილოტო საფრენი აპარატის დეტონაცია რუმინეთის მხარეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს 17 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, თუმცა, ორ რაიონში დრონებმა მიაღწიეს აგრარულ და საწარმოო ობიექტებამდე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იზმაილის რაიონში დაზიანებულია საწარმოების შენობები, საწყობები და ტექნიკა. მსხვერპლი არ არის. იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს.