უკრაინის ოდესის ოლქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია საწარმოების შენობები, საწყობები და ტექნიკა. ამის შესახებ დღეს, 4 სექტემბერს დილით იუწყება ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს.
გასულ ღამით, დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა ოდესის ოლქზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 17 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, თუმცა, ორ რაიონში დრონებმა მიაღწიეს აგრარულ და საწარმოო ობიექტებამდე.
რუსეთმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტია 3 სექტემბერსაც. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე იყო საპორტო ინფრასტრუქტურა. დაიჭრა 2 ადამიანი. ერთ-ერთ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 22 გაანადგურეს.