Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველები რუსეთის უნივერსიტეტებში - თერგის სმა, როგორც ფარსი


მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როცა რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველ ახალგაზრდებს ეპატიჟებიან „უფასო უმაღლესი განათლების“ მისაღებად, ქართველი რუსეთუმეები აუცილებლად იხსენებენ ხოლმე თერგდალეულებს, რომლებმაც განათლება რუსეთის უნივერსიტეტებში მიიღეს

ღიად პრორუსული ორგანიზაციები ამ ისტორიული ფაქტის მოხმობით თითქოს ცდილობენ არგუმენტები გამოაცალონ ოპონენტებს, რომლებიც რუსეთში უფასო განათლების მიღების სურვილის უკან კრემლის მზაკვრობას და რუსული რბილი ძალის მოქმედებას ხედავენ.

სინამდვილეში, ქართველი ახალგაზრდების სწავლა რუსეთის უნივერსიტეტებში მაშინ, რუსული ორსაუკუნოვანი ოკუპაციის შედეგია, რომლის დროსაც ქართველებს წართმეული ჰქონდათ არჩევანის - მათ შორის სასწავლებლის არჩევის თავისუფლება. ევროპაში გაღწევას განსაკუთრებული ძალისხმევა და ნებართვა სჭირდებოდა, ქართული უნივერსიტეტი კი ფიზიკურად არ არსებობდა. შესაბამისად, რუსულის გარდა, სხვა არჩევანი არ იყო.

რატომ?

რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დაპყრობილი ერებისათვის განათლების რუსულ ენაზე მიცემა, იმისათვის, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა თერგდალეულმა შენიშნა, „რომ ეროვნული შეგვრჩეს ელფერი/ და რუსი ვიყოთ პოლიტიკურად”-ო (აკაკი წერეთელი).

სურვილის, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების არსებობის მიუხედავად რუსეთი ყველანაირად აფერხებდა საქართველოში ქართული უნივერსიტეტის გახსნას, რათა არ გაჩენილიყო რუსულისგან განსხვავებული, ალტერნატიული განათლების სისტემა.

ქართული უნივერსიტეტის გახსნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, თუმცა ხორცი მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეისხა ისე, რომ რუსეთი ბოლომდე ცდილობდა ხელის შეშლას (აჯანჯლებდა დებულების დამტკიცებას): 1917 წელს თბილისის ქართული უნივერსიტეტის დებულება უნდა დაემტკიცებინა დროებითი მთავრობის განათლების სამინისტროს, რომლის არაკეთილსინდისიერება ამხილა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკაკი შანიძემ 1917 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი უნივერსიტეტი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დროებითი მთავრობა ყველანაირად (მათ შორის, მატერიალურადაც) ახალისებდა ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტის გახსნას თბილისში, მაშინ როცა ქართული უნივერსიტეტის დებულების დამტკიცებას საშველი არ დააყენა.

ყველაფერი შეიცვალა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როცა ქართველი ახალგაზრდებისთვის შეუზღუდავად ამოქმედდა ქართული უმაღლესი სასწავლებელი და ფართოდ გაიღო ევროპული უნივერსიტეტების კარები. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყო ახალგაზრდების ევროპის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნა და მათთვის სტიპენდიების დანიშვნა. 1919 წლის 9 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვითაც, მთავრობას, „საუწყებათაშორისო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სტიპენდიებისთვის გამოუყვია 2 მლნ-ზე მეტი თანხა და შეურჩევია საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნი 50 ახალგაზრდა.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1919 წ. 9 ნოემბერი
გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1919 წ. 9 ნოემბერი

„საუწყებათაშორისო კომისიამ იქონია მსჯელობა აგრეთვე იმაზედაც, სავალდებულო იყოს თუ არა სახელმწიფო სტიპენდიატებისათვის შემდეგ სწავლის დასრულებისა რომელსამე სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური და, თუ სავალდებულო იქნება, რა დროით (ვადით) უნდა განისაზღვროს ეს სავალდებულო სამსახური. აზრთა მცირე გაზიარების შემდეგ კომისიამ ერთხმად დაადგინა: სახელმწიფო სტიპენდიატი მოვალეა სახელმწიფოს მოთხოვნილებისამებრ იმსახუროს თითოეულ სასტიპენდიო წელიწადისათვის ორი წელიწადი იქ, სადაც სათანადო უწყება საჭიროდ დაინახავს სამსახურს“, - ვკითხულობთ 1919 წლის 9 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც სრულდება „სტიპენდიამისჯილი“ ახალგაზრდების სიით.

თუმცა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ ქართველი ახალგაზრდების არჩევანი კვლავ შეიზღუდა. ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მიღება მიუწვდომელ და სიცოცხლისთვის სახიფათო ოცნებად იქცა, სამაგიეროდ ქართველებისთვის ფართოდ გაიღო რუსული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელმაც, ისევე როგორც თითქმის ყველაფერმა სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში, კომიკური ელფერი შეიძინა.

როგორც საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, საბჭოთა კავშირში უმაღლესი განათლების მქონე პირთა პროცენტული რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე ყოფილა:

„საქართველოს სსრ-ში 19 უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც 100 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თითქმის ყველა სამრეწველო ქალაქში ჰქონდა ფილიალი, სადაც დაუსწრებლად შეიძლებოდა სწავლა (ცხადია, შესაბამისი ხარისხით). ამას ემატებოდა ისიც, რომ რესპუბლიკის გარეთ, საბჭოთა კავშირის 106 უმაღლეს სასწავლებელში 33 ათასზე მეტი ქართველი ახალგაზრდა ირიცხებოდა. კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს „კავკასიელების ინსტიტუტსაც“ კი ეძახდნენ. ტორფის მოპოვებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტზე 25 სტუდენტიდან 20 ქართველი იყო, და ეს მაშინ, როცა ტორფის მოპოვება და გადამუშავება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდებოდა“.

ჯუმბერ პატიაშვილი
ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ პატიაშვილი სწავლის ხარისხზე წარმოდგენის შესაქმნელად ერთ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას იხსენებს:

„ერთ დღეს საკავშირო პრესაში დაიბეჭდა წერილი, სადაც ლაპარაკი იყო ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთ ქართველ სტუდენტზე. მან ხულიგნობა ჩაიდინა და როცა მილიციაში ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვეს, ვერ დაწერა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსულად წერა-კითხვა არ იცოდა. გაირკვა, რომ ასეთი სხვაც ბევრი იყო“.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მთავრობა ასეთ, რუსული ენის უცოდინარ ახალგაზრდებსაც ეპატიჟება თავის უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის გათვალისწინებული ყოფილა მოსამზადებელი კურსები. ძნელი მისახვედრი არაა, რომ მოსკოვისთვის „აბიტურიენტთა“ აკადემიურ მოსწრებაზე მეტად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის გამოყოფილი კვოტების შევსება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდებით, შევსება იმის იმედად, რომ უფრო მტკიცე რუსეთუმეებად ჩამოყალიბდებიან ისე, როგორც წინა თაობების წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ საბჭოთა პერიოდში ნაყიდ დიპლომებსა და არაყ-კონიაკებით ჩაწყობილ საქმეებზე ნოსტალგიით. რუსეთის უნივერსიტეტებში სავარაუდოდ ასეთი გაქანების ახალგაზრდებს ელიან, ისეთებს, რომლებიც დაბრუნდებიან თბილისში და იტყვიან, ჩვენი თავი ჩვენადვე არ უნდა გვეყუდნოდესო.

ფორმალურად ესენიც თერგდალეულები გამოდიან, მაგრამ, ისტორიის გამეორება, ჰეგელისა და მარქსის მიხედვით, მათ თერგდალეულობას შინაარსს გამოაცლის და ფარსი იქნება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG