საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთზე, ბუფერულ ზონაში 17 აგვისტოდან მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე მას შემდეგ შეუშვეს, რაც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ეს ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებული განცხადებიდან.
6 უკრაინელი მამაკაციდან 5 ყოფილი პატიმარია და სასჯელს ჯერ უკრაინის, შემდეგ კი რუსეთის ციხეში იხდიდნენ. ისინი რუსეთში გადაიყვანეს უკრაინის ხერსონის ოლქის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ. უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლას ცდილობდნენ, ერთს გავლილი აქვს რუსული ე.წ. საფილტრაციო ბანაკი. ერთი მათგანი აივ-ინფიცირებულია. ინფორმაცია, რომ 10-დღიანი დაყოვნების შემდეგ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შეუშვეს, 27 აგვისტოს, საღამოს მედიით გავრცელდა.
მოგვიანებით, ცნობა დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ უკრაინის დიპლომატიური მისიის დაუყოვნებლივ ინფორმირების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განმარტა, რომ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა ხანგრძლივი პროცედურები და ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა შესაბამის გადაწყვეტილებას.
სამინისტროს განცხადებით, „იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ". საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას.
სად იმყოფება ამჟამად უკრაინის 6 მოქალაქე, ჯერჯერობით უცნობია.