კრემლმა უარყო ყველანაირი კავშირი მოსკოვთან მომხდარ თვითმფრინავის კატასტროფასთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ემსხვერპლა ევგენი პრიგოჟინი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერი. პრიგოჟინს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც "ვაგნერმა" მოკლევადიანი ამბოხება მოაწყო რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის წარმოებით უკმაყოფილების გამო.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვლავ მიმდინარეობს 10 მსხვერპლის ამოცნობის პროცესი, ისევე, როგორც კატასტროფის გამოძიება. 23 აგვისტოს ინციდენტის შესახებ სიჩუმე დაარღვია პუტინმა - მან პრიგოჟინზე წარსულ დროში ილაპარაკა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ნაპოვნია თვითმფრინავის ჩანაწერების მოწყობილობა და 10-ვე ცხედარი, რომელთა ამოცნობაც ახლა მიმდინარეობს.
პრიგოჟინის სახელი რეისის სიაში იყო, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ მისი ყოფნა თვითმფრინავში, რომელიც იდუმალი მიზეზებით ჩამოვარდა მოსკოვიდან ჩრდილოეთით.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 25 აგვისტოს განცხადებით, მართალია პრიგოჟინის ბორტზე ყოფნის "ზუსტი მტკიცებულება" ჯერჯერობით არ არსებობს, და პრიგოჟინი ცნობილი იყო უსაფრთხოების "განსაკუთრებული" ზომების მიღებით, "დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია".