Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: პრიგოჟინი თვითმფრინავის ავარიამდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა


ევგენი პრიგოჟინი. 21 აგვისტო, 2023 წელი
ევგენი პრიგოჟინი. 21 აგვისტო, 2023 წელი

დაქირავებულ მებრძოლთა კერძო სამხედრი კომპანიის, „ვაგნერის“, დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფოსტენ-არკანჟ ტუადერას, იტყობინება The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრეების თანახმად, პრიგოჟინი ბანგიში ნახეს 18 აგვისტოს. მან შეხვედრისას ტუადერა დაარწმუნა, რომ ივნისის ბოლოს რუსეთში "ვაგნერის" ამბოხების წარუმატებელი მცდელობა, ხელს არ შეუშლის ჯგუფის საქმიანობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას, წყაროს თანახმად, ასევე ესწრებოდა მასპინძელი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი ვანსეტ ლინგისარა, თუმცა არც მას, არც პრეზიდენტის წარმომადგენლებს The Wall Street Journal-ის მიმართვაზე არ უპასუხიათ.

ამავე ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, პრიგოჟინი ესაუბრა ასევე სუდანის სწრაფი რეაგირების ძალების წარმომადგენლებს.

აპრილის დასაწყისში მათსა და სუდანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება. სუდანის დელეგაციამ, რომელიც ბანგიში დარფურიდან ჩავიდა, როგორც წყაროები იტყობინებიან, პრიგოჟინს საჩუქრად ჩაუტანა ოქრო. ეს იყო სუდანის მხარის პასუხი მათთვის „ვაგნერის“ მიერ „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტების მიწოდებაზე.

რუსი დაქირავებულები დაეხმარნენ სწრაფი რეაგირების ძალებს, რამდენიმე გამარჯვება მოეპოვებინათ სუდანის არმიაზე. მათ შორის კონტროლი დაემყარებინათ ხართუმის ერთ-ერთ საწარმოზე.

სუდანის ხელისუფლება და თავად პრიგოჟინი კონფლიქტის დაწყებისას უარყოფდნენ „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნას სუდანში. გაზეთი წერს, რომ მოსკოვში დაბრუნებამდე პრიგოჟინი მალიშიც იმყოფებოდა. მან გარკვეული დრო დაჰყო ბამაკოში და იქიდან გაფრინდა მოსკოვში.

21 აგვისტოს „ვაგნერთან“ დაახლოებულმა არხებმა გაავრცელეს პრიგოჟინის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის იტყობინებოდა, რომ ჯგუფი აფრიკაშია და ებრძვის რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას. პრიგოჟინს არ გაუმხელია ქვეყანა და ვიდეოს ჩაწერის თარიღი.

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი და ამჟამად მათი ექსპერტიზა მიმდინარეობს. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. კრემლი ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს ევგენი პრიგოჟინის სიკვდილს.

მოსკოვში 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა კრემლი პრიგოჟინის დაღუპვას. პესკოვმა უპასუხა, რომ ფაქტის დადასტურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ექსპერტიზის, მათ შორის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებით. პუტინის პრესმდივნის თქმით, ეს შედეგები ჯერ არ არსებობს და იგივე ეხება ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზსაც.

კრემლის პრესმდივანმა „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა დასავლეთის წყაროებით გავრცელებულ ცნობებს, რომ კრემლს კავშირი აქვს პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფასთან.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა წარუმატებელი ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც ჯგუფი ბელარუსში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG