Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ადამიანი მოიწამლა "ნიკორაში" ნაყიდი მზა საჭმლით - აცხადებენ სურსათის სააგენტოში


საილუსტრაციო ფოტო: "ნიკორას" ერთ-ერთი ფილიალი
საილუსტრაციო ფოტო: "ნიკორას" ერთ-ერთი ფილიალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ("ნიკორა ტრეიდს") მზა საჭმლის დამზადებისთვის საჭირო საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზი საკვებში კვლევებით აღმოჩენილი პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელაა.

სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლისა და გადამდებ დაავადებათა ცენტრებიდან მიიღეს 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციაზე. მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა ჭამეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.

ამ მიზეზით ინსპექტირება ჩატარდა „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში, რომლებიც თბილისში აღმაშენებლის ხეივანსა და ხომლელის ქუჩაზე მდებარეობს.

"სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა... შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე", - აცხადებენ უწყებაში.

"ნიკორა" ("ნიკორა ტრეიდი") გავრცელებული განცხადებით ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციას.

საქართველოში ათეულობით მაღაზიით წარმოდგენილი კომპანია ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მომმარაგებელს.

"მათთან [სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან] აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია "ჯეო დისტრიბუცია", - წერია "ნიკორას" განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტით სულ რამდენიმე ფილიალი მარაგდებოდა.

კომპანია "ნიკორას", გარდა მზა საკვების საწარმოო პროცესის შეჩერებისა, დაეკისრა ჯარიმა. სურსათის სააგენტო გეგმავს ნედლეულის იმპორტიორი კომპანიის შემოწმებასაც.

XS
SM
MD
LG