საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით ავრცელებს გამოხმაურებას დმიტრი მედვედევის მუქარაზე. რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მედვედევის მუქარას მიიჩნევს "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობად".
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას", - ნათქვამია საგარეო უწყების დეპარტამენტის განცხადებაში.
მედვედევის განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც გამოეხმაურა. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ ეს "კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა" და რომ "საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის".
მედვედევის მუქარაზე დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმაც, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა. მან თქვა, რომ „ამ რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში კი „რადიკალებს“ გაუმყარდეთ აზრი, რომ მოსკოვი „აგრესორია“.