Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი იმუქრება, რომ საქართველოს ორ რეგიონს შეიერთებენ


ფოტო არქივიდან. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დმიტრი მედვედევი
ფოტო არქივიდან. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დმიტრი მედვედევი

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, სწორედ მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, მოაწერა ხელი განკარგულებებს საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

დღეს გამოქვეყნებულ სტატიას მედვედევი უძღვნის „გაკვეთილებს“, რომლებიც, მისი აზრით, დასავლეთმა 2008 წლის ომის შემდეგაც ვერ „ისწავლა“ და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს „ჰიბრიდული, მაგრამ აბსოლუტურად სრულფასოვანი და სისხლიანი ომი“, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს „ნატო კიევის რეჟიმის ხელით“.

მედვედევი აცხადებს, რომ ეს ომი კიევის დამარცხებით დასრულდება, ისევე როგორც თავის დროზე - „ქართველი აგრესორების“.

მედვედევის თანახმად, 2008 წელს თბილისზე შეტევა შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც „შექმნილი საფრთხეები“ დაძლიეს და „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიაღწიეს, მაგრამ ახლა ვითარებას აქტიურად ძაბავენ, რათა „უკრაინის ფლანგს“ დაამატონ დაძაბულობის ახალი კერა, ისევ საუბრობენ ნატოში საქართველოს შესაძლო მიღებაზე და საქართველოში „თითქოს დაკვეთით დაიწყო რუსოფობიის ჩქაფანი“.

მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება“, - წერს მედვედევი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო".

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს იცავს, თუმცა ეროვნულ დონეზე შეზღუდვები არ დააწესა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

XS
SM
MD
LG