Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზატულინის თქმით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება აქტუალური არაა


კონსტანტინ ზატულინი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი
კონსტანტინ ზატულინი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად, უპირველეს ყოვლისა, „ამ რესპუბლიკების“ მოქალაქეების ნებაა საჭირო. ინფორმაციას გამოცემა Газета.Ru ავრცელებს.

ზატულინის თქმით, არასწორია აღქმა, რომ ამ „რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების იდეა დიდი პოპულარობით სარგებლობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს შორის. „ყველაფერი ასე მარტივად არ არის“, - ამბობს იგი.

ზატულინის განცხადებით, „ამ რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში „რადიკალებს“ კი გაუმყარდებათ აზრი, რომ მოსკოვი „აგრესორია“.

„ვსვამ კითხვას, ამ წუთას, როდესაც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაწარმოებთ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრას. რედ), გვჭირდება ამ ურთიერთობების გამწვავება? მე ასე არ ვფიქრობ“, - ამბობს ზატულინი.

ის ფიქრობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთთან მიერთების იდეა არცთუ ისე პოპულარულია.

ზატულინის თქმით, აფხაზებს ეშინიათ, რომ თუ მიწის შესყიდვაზე შეზღუდვები მოიხსნება, „ისინი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში დარჩებიან“.

რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება“, - აცხადებს მედვედევი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ამბობს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო".

მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ ეს "კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა" და რომ "საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის".

XS
SM
MD
LG