Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა" - სარჯველაძე მედვედევზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების შეერთებაზე ისაუბრა


მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის წევრი პარტია "ქართული ოცნებიდან", მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. ასე უპასუხა მან ხელისუფლების სახელით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, დმიტრი მედვედევის, იმ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთებაზე.

"ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, არსებული კონტექსტი და საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც.

საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის... რეაგირება ამასთან დაკავშირებით გახლავთ კიდევ მეტი ერთგულება, მეტი ინტენსივობა გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას", - თქვა სარჯველაძემ.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება“, - აცხადებს მედვედევი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ამბობს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო".

15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, სწორედ მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, მოაწერა ხელი განკარგულებებს საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

XS
SM
MD
LG