საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტი "ბლექ სი არენაზე" მსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ინციდენტი 15 აგვისტოს The Killers-ის კონცერტზე მოხდა. აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა კომპოზიცია რუს დრამერთან ერთად შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.
The Killers-ის კონცერტზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.
საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, რომლის მშენებლობაც 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო, 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. 2016 წლის 10 ივლისს ფონდმა „ბლექ სი არენა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
2022 წლის საოპერაციო ხარჯების დასაფარად "ბლექ სი არენამ" სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2017 წლიდან მიღებულმა სუბსიდიამ 41,451,000 ლარი შეადგინა. მხოლოდ 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,5 მლნ ლარი გამოიყო პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში გამართული კონცერტებისთვის. თავად დარბაზის შენახვა კი ბიუჯეტს წელიწადში 1 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.