Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია შოვში: ამოცნობილია 20 ცხედარი


შოვი. სტიქიის ზონა. 5 აგვისტო.
შოვი. სტიქიის ზონა. 5 აგვისტო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის არეალში ნაპოვნი 24 ცხედრიდან, 20 ამოცნობილია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება. 12 აგვისტოს 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %“, - თქვა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. 7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
XS
SM
MD
LG