Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2000 ლარით დააჯარიმეს უკრაინელი, რომელიც ბათუმში ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას ​აპროტესტებდა


უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი
უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი, რომელიც რუსეთიდან (თურქეთის გავლით) ბათუმში საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას აპროტესტებდა. გადაწყვეტილება დღეს, 11 აგვისტოს, გამოცხადდა.

მარინა ჩობანიანი საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, შემდეგ მის დასაჯარიმებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა.

ქალის ინტერესებს იცავდა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასამართლომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ექვსი ადამიანი დააჯარიმა, მათ შორის კიდევ ერთია უკრაინის მოქალაქე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა აქციაზე მყოფი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე და პარტია "დროას" წევრი გენრი დოლიძე.

31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. იმ დღეს სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ამ დროს სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!"

აქციაზე დაკავებულმა გენრი დოლიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა.

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები 31 ივლისს, გამთენიისას ჩაიყვანა ბათუმში, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამის გამო რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG