გენრი დოლიძე, რომელიც 31 ივლისს პოლიციამ დააკავა ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან, სოჭიდან (თურქეთის გავლით) საკრუიზო ლაინერის (ASTORIA GRANDE) შესვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. პოეტი და ამავდროულად პარტია "დროას" წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო "სამი ცრუ მოწმის" მოსმენის შემდეგ.
"მოსამართლემ ჩემი სამი ფრაზა "ომის ვეტერანია", "ომის ვეტერანს აკავებთ", "აფხაზეთის ომის ვეტერანია" ჩათვალა სამართალდარღვევად და დამაჯარიმა 2000 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერცერთი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რის საფუძველზე დამაკავეს", - აცხადებს დოლიძე.
31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. იმ დღეს სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ამ დროს სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!"
გენრი დოლიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა.
"ეს ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ფეხის კვალია 48 საათის [გასვლის] შემდეგ. ჩამარტყა ლაჩრულად, დაკავებულს, მიწაზე დაგდებულს, ბორკილებდადებულს, ექვსი სპეცრაზმელი რომ წიხლით მიჭერდა. ჩარტყმამდე დედა შემაგინა... აგინებდა ყველა დაკავებულს უშვერი სიტყვებით, ენით ართქმული სიბილწით მკვდარზე და ცოცხალზე", - აცხადებდა დოლიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ნაიარევი სახის ფოტოც გამოაქვეყნა.
საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები 31 ივლისს, გამთენიისას ჩაიყვანა ბათუმში, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამის გამო რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.
პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.