Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო. ადგილზე დრონი ჩამოაგდეს


კვამლი მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შემდეგ
კვამლი მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შემდეგ

მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში, 10 აგვისტოს ღამით ძლიერი ხანძარი იყო. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის რეგიონის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ტელეგრ-არხი „Baza“ წერს, ხანძარი ლუდის საწარმოში გაჩნდა. 2 ათას კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის გამო, შენობაში ჩამოიშალა სახურავი.

რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგონა აფეთქების ხმები და იგრძნო დამწვარი რეზინის მძაფრი სუნი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

ოდინცოვო მოსკოვის დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოს, ღამით, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან ერთი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე.

ხანძარი კალუგის რაიონის სოფელ როსვაში მდებარე ელექტროქვესადგურშიც გაჩნდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. სადგურთან დაკავშირებული დასახლებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხის დარტყმა იყო.

მოსკოვში 10 აგვისტოს, ღამით, "დომოდედოვოსთან" ხანძრისა და აფეთქების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ხანძარი ავტოგასამართ სადგურზე გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი სოფელ კონსტანტინოვოში იყო. აეროპორტი დასახლებისგან 10 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

9 აგვისტოს ძლიერი აფეთქება იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადშიც. აფეთქების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა. დაიღუპა 1 ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა

XS
SM
MD
LG