Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან, "დომოდედოვოს" აეროპორტი.
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან, "დომოდედოვოს" აეროპორტი.

მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს" მუშაობა 10 აგვისტოს ღამით შეჩერებული იყო. სააგენტო "რია ნოვოსტი" „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით წერს, რომ „შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზით“ შემოიღეს. „დომოდედოვოში“ კი განაცხადეს, რომ ეს გაკეთდა „ფრენების უსაფრთხოების დამატებით ზომების მიზეზით“.

პორტალ Flightradar24-ისა და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოების მიხედვით, სულ მცირე 11 რეისი შეჩერდა, შეზღუდვები ღამის 2-დან დილით 5 საათამდე მოქმედებდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ შეზღუდვები დაკავშირებული იყო საჰაერო სივრციდან მომავალ სავარაუდო საფრთხეებთან.

წუხელ მოსკოვის მერიამ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია დრონებით თავდასხმის მოგერიებაზე. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ - ერთი კალუგის ოლქში, მეორე კი ცენტრალური ავტომაგისტრალის რაიონში.

დროებით თავდასხმის მოგერიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყება ასევე ირწმუნება, რომ მოიგერიეს უკრაინის 11 დრონით თავდასხმა ანექსირებული სევასტოპოლის მიმართულებით.

მოსკოვში 10 აგვისტოს ღამით "დომოდედოვოსთან" ხანძრისა და აფეთქების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ხანძარი ავტოგასამართ სადგურზე გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი სოფელ კონსტანტინოვოში იყო. აეროპორტი დასახლებისგან 10 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

გუშინ, 9 აგვისტოს, ძლიერი აფეთქება იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში. აფექტების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა. დაიღუპა 1 ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა

XS
SM
MD
LG