საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, მოხალისეობრივი საქმიანობის მიზანი, რიგ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ ნეგატიური წარმოდგენის შექმნა იყო. ამის შესახებ მან პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
"სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარების შეგროვების შესახებ - იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი და მედიკამენტები. მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტების, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის საჭიროება არ იყო. ასეთი აქტივობის მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე", - თქვა პაპუაშვილმა.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.
7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
- მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, ეძებენ კიდევ 13 ადამიანს.
ამ დღეების განმავლობაში სტიქიის ზონაში მოხალისეები საკვებს, სასმელს და პირველადი დანიშნულების ნივთებს სთავაზობდნენ იქ მომუშავე ადამიანებს.