Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა - „ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება"


შოვი. 6 აგვისტო
შოვი. 6 აგვისტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ბიბილეიშვილი ჯანმრთელია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება.

„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. იყო დაფიქსირებული "ცხელ ხაზზე" და 112-შიც ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო. ოპერატიული-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია. ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია დაკარგულთა ვინაობის შესახებ.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.

7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

XS
SM
MD
LG