რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მედიასთან ამბობს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული.
"12-ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს, ენუქიძემ ჟურნალისტებს.
6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. მაშველები ეძებენ კიდევ 17-ს, რომელთა შორის არიან ბავშვები.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
შოვის ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.