Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი საუდის არაბეთის სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს უზრუნველყონ "წესებზე დაფუძნებული" საერთაშორისო წესრიგი


ვილოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვილოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში მიმართა მსოფლიოს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საუდის არაბეთში მიმდინარე სამიტში უკრაინაში ომის შესახებ და მათ მოუწოდა უზრუნველყონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება, მსოფლიოს სხვა საკითხებზე უთანხმოებების მიუხედავად.

"განსხვავებული კონტინენტები, განსხვავებული მიდგომები მსოფლიოს საკითხების მიმართ. მაგრამ ყველას აერთიანებს საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტულობა" - თქვა ზელენსკიმ 5 აგვისტოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც რუსეთის აგრესიამ დაარღვია, უნდა აღდგეს".

სამიტში მონაწილეობს 40-მდე ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი, ბრიტანეთი, აშშ, ჩინეთი. ზელენსკიმ მონაწილეებს დამატებითი, ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვისკენაც მოუწოდა, უკრაინაში "სამართლიანი მშვიდობის" დამყარების და რუსეთის "ბომბებისა და რაკეტების" დასრულების მიზნით.

ჯიდაში მიმდინარე ორდღიანი სამიტის პირველი დღე გვიან საღამოს დასრულდა, ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე, დახურულ კარს მიღმა გამართული ხანგრძლივი სხდომის შემდეგ. შეხვედრები 6 აგვისტოსაც გაიმართება.

ევროპელმა წყარომ სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის პრინციპზე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა "ნებისმიერი სამშვიდობო გადაწყვეტის ცენტრი უნდა იყოს".

სამიტში მონაწილეობს ე.წ. BRICS-ის სახელმწიფოთა ოთხი წარმომადგენელი - ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა - რომლებსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვთ.

რუსეთი სამიტში არ მონაწილეობს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებას თვალს ადევნებს.

XS
SM
MD
LG