უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას. მან პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, მაგრამ არ უხსენებია საქართველოს მთავრობა.
„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს", - დაწერა ზელენსკიმ.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
მაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო.