საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ ვერტმფრენების შეძენის საკითხთან დაკავშირებით "ხელმოცარული პოლიტიკოსები" და ჟურნალისტები "ამორალურ ქმედებას" ეწევიან. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, 1 წლის წინ დადებული პირობის მიუხედავად, რატომ არ ჰყავს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები.
"ან ინფორმაციის გაგების პრობლემა გაქვთ, ან უფრო მეტი პრობლემა გაქვთ. თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ - ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ჩვენი ხალხის დაზაფრის. ასეთი რთული მდგომარეობა გვაქვს და თქვენ ათმაგად ზაფრავთ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ - თურმე, სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მას ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: რატომ არ ითხოვა საქართველომ დახმარება მეგობარი ქვეყნებისგან.
"ამის საჭიროება არ იყო. არ იყო", - უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს თქვა, რომ საქართველო იყიდდა სამ ახალ ვერტმფრენს, რომლებითაც სამაშველო ოპერაციების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი.
"იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახლა ამ ვერტმფრენს [AS332 L1e S/N 2833-ს ("სუპერ პუმას")] გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, 29 ივლისს, გუდაურში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მჯდომი 8-ვე ადამიანი.
გასული წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ფრანგული წარმოების სამ შვეულმფრენს ყიდულობს. ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო უჯდება.
პირველი ახალი ვერტმფრენი ქვეყანას ხელშეკრულების დადებიდან 17 თვეში ეყოლება, მეორე - 19 თვეში, მესამე - 20 თვეში. გამოდის, რომ თითქმის 1 წელი საქართველოს ეს ვერტმფრენები არ ეყოლება.