სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა დაღამების გამო რაჭაში, დამეწყრილ ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ცნობას სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების რაოდენობის შესახებ.
ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედრის პოვნის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენი.
რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარე ბუმბურის ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.