"გამოცდების ეროვნული ცენტრი" განცხადებით ადასტურებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტს უარს ეუბნება დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც.
საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.
"გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც აღნიშნული აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ "გამოცდების ეროვნული ცენტრი" არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კერძოდ, არ ნიშნავს დამატებით ტესტირებას იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
"ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხეს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ არ აღსრულდეს", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი.
27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას.