Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NAEC-ი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტს გამოცდას არ უნიშნავს - PHR-ი


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ "გამოცდების ეროვნული ცენტრი" არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კერძოდ, არ ნიშნავს დამატებით ტესტირებას იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

"28 ივლისს მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით, თუმცა 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

PHR-ი კიდევ ერთხელ მიმართავს NAEC-ს აბიტურიენტისთვის დანიშნოს გამოცდა: "სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია".

"ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხეს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ არ აღსრულდეს", - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი.

გამოცდების ცენტრში კი ამბობენ, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. უწყებაში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.

"გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში.

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას.

მასალა განახლდა გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

XS
SM
MD
LG