Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა, შიმშილობა დაიწყო


საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.
საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.

შიმშილობა დაიწყო იმ აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა", სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე. ამის შესახებ ქალი ფეისბუკში წერს და ითხოვს ამ ინფორმაციის გავრცელებას.

"მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა".

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც აღნიშნული აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ "გამოცდების ეროვნული ცენტრი" არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კერძოდ, არ ნიშნავს დამატებით ტესტირებას იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

გამოცდების ცენტრში კი ამბობენ, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. უწყებაში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.

"გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას.

XS
SM
MD
LG