ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა იყო მოსკოვი-სიტიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მიაღწია იმავე კოშკამდე, სადაც დარტყმა იყო 30 ივლისსაც და დააზიანა 21-ე სართულის ფასადი. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით, „კიევის რეჟიმმა“ სცადა „ტერორისტული შეტევა“ ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სიტის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.
- 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
- 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით. მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
- 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
- 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად" გამოაცხადა „კიევის რეჟიმის მცდელობა, 5 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.
- 24 ივლისს დრონებით თავდასხმა იყო მოსკოვის ცენტრში, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად. დაზიანდა ბიზნესცენტრი და კიდევ რამდენიმე შენობა.
- 28 ივლისს მოსკოვის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ მოგერიებულია დრონით შეტევის მცდელობა.
- 30 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად მოსკოვი-სიტის ტერიტორიაზე დაზიანდა ერთ-ერთი ცათამბჯენი და კოშკი, სადაც რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფისებიც მდებარეობს.
უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს მოსკოვზე დრონებით შეტევასთან კავშირს.