მოსკოვზე დრონებით შეტევა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, „მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაციას კარგი შედეგები მოაქვს და გაგრძელება იქნება“. წყაროს თანახმად, უკრაინის დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია. მას კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
დღეს დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე“. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა და არც „სერიოზული ნგრევაა“.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მოსკოვის ცენტრში ორი დრონი ჩამოვარდა, ერთი ლიხაჩოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნესცენტრთან, მეორე კი - პროსპექტ კომსომოლსკაიას 17 ნომერთან.
ამერიკელი ანალიტიკოსის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლის, რობ ლის ინფორმაციით, ამ ადგილიდან 200 მეტრიც კი არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრამდე.
გამომძიებელი ჟურნალისტის, პროექტ Bellingcat-ის ხელმძღვანელ ხრისტო გროზევის ცნობით, პროსპექტ კომსომოლსკაიას 17 ნომრის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის კიბერგანყოფილების მთავარი ოფისი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, 24 ივლისს „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ორი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე“. ობიექტები დაკონკრეტებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინული დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და არავინ დაშავებულა.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო.
- 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
- 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
- 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
- 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად" გამოაცხადა „კიევის რეჟიმის მცდელობა, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი რუსეთის ბრალდებებს, როგორც წესი, ოფიციალური კომენტარის გარეშე ტოვებენ.