Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო


მოსკოვის ლიხაჩოვის გამზირზე დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებული ბიზნესცენტრის შენობა. 2023 წლის 24 ივლისი
მოსკოვის ლიხაჩოვის გამზირზე დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებული ბიზნესცენტრის შენობა. 2023 წლის 24 ივლისი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, „დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე“. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა და არც „სერიოზული ნგრევაა“.

კონკრეტულ ობიექტებს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს. მისი ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დილით „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ორი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე“. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინული დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და არავინ დაშავებულა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ მოსკოვის ცენტრში ორი დრონი ჩამოვარდა, ერთი ლიხაჩოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნესცენტრთან, მეორე კი - პროსპექტ კომსომოლსკაიას 17 ნომერთან. ამ გამზირის მახლობლად მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

დრონის ჩამოვარდნის ადგილი მოსკოვში. 2023 წლის 24 ივლისი
დრონის ჩამოვარდნის ადგილი მოსკოვში. 2023 წლის 24 ივლისი

ტელეგრამ-არხის, SHOT-ის ინფორმაციით, ლიხაჩოვის პროსპექტზე დრონი მოხვდა მრავალსართულიან შენობას, სადაც ფრანგული კომპანიის, „ლერუა მერლენის“ ოფისი მდებარეობს. დაზიანებულია შენობის ზედა სართულები.

მაისის დასაწყისიდან, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
  • 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
  • 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია" მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
  • 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად" გამოაცხადა „კიევის რეჟიმის მცდელობა, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი რუსეთის ბრალდებებს, როგორც წესი, ოფიციალური კომენტარის გარეშე ტოვებენ.

XS
SM
MD
LG